ბათუმის „დინამომ“ „ლუდოგორეცი“ დაამარცხა, მაგრამ ორი თამაშის ჯამში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს #1TVSORT
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ბულგარეთის ჩემპიონი „ლუდოგორეცი“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს.
რაზგრადიში წაგებული (1:3) მატჩი ბათუმელებს სხვა გზას არ უტოვებდა, უნდა შეეტიათ. „დინამომ“ მატჩი შესანიშნავად დაიწყო – ანგარიში მე-3 წუთზე ძლიერი დარტყმით ლადო მამუჩაშვილმა გახსნა, ექვს წუთში მან მეორე ბურთიც გაიტანა, მაგრამ არბიტრი აშკარად შეცდა, ჯარიმა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
პირველ ტაიმში „დინამოს“ კიდევ ორი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ პაატა ღუდუშაურმა და ესპანელმა თავდამსხმელმა, ჯეილენ ბლესამ შანსებით ვერ ისარგებლეს. ტაიმის ბოლოს ბულგარელებმა თამაში გამოასწორეს. პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიში ბათუმელებს სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ხელსაყრელი მომენტებით ვერ ისარგებლეს და შემდეგ ეტაპზე „ლუდოგორეცი“ გავიდა.
„დინამო“ ორმატჩიან დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდა (1:3, 1:0) და თამაშს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც 25 ივლისს მონტენეგროს ჩემპიონს, „დეჩიჩს“ დაუპირისპირდება.