მოსამზადებელი შეკრების დროს თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საფეხბურთო ბაზაზე ქართულმა გუნდებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართეს. თბილისის „ლოკომოტივმა“ მესამე ტესტ-მატჩი ბათუმის „დინამოსთან“ ჩაატარა.
სახიფათო იყო ბათუმელთა ნახევარმცველის, ლადო მამუჩაშვილის ორი დარტყმა, მეორედ მან საჯარიმო შეასრულა – ორივეჯერ ბურთს გიორგი მამარდაშვილი გადაეღობა. გატანა კარის წინ მარტო დარჩენილ დავით სამურკასოვს შეეძლო, მაგრამ მეკარე ლაზარე კუპატაძემ არ გაატანინა.
ანგარიში „დინამომ“ გახსნა – 23-ე წუთზე გოგა ჩაბრაძის ფლანგური გადაცემა თავური დარტყმით გიორგი ფანცულაიამ დააგვირგვინა და გუნდი დააწინაურა. გოლის შემდეგ თბილისელთა კარს ისევ მამუჩაშვილი დაემუქრა და ბურთი ძელს მოხვდა. სახიფათო გამოდგა რაფაელ ჩუკვურას შეტევაც.
თბილისის „ლოკომოტივმა“ მიზანს მეორე ტაიმის მიწურულს მიაღწია – ბათუმელთა კარი მე-80 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან თემურ შონიამ აიღო, მაგრამ 88-ე წუთზე ბათუმელები ისევ დაწინაურდნენ – ფლანგური გადაცემა ამჯერად გიორგი ნიქაბაძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 ბათუმელთა სასარგებლოდ.