ბათუმის „დინამომ“ „ლეხთან“ ფრედ ითამაშა და ევროტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ბათუმის „დინამომ“ პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლა და გათამაშებას გამოეთიშა.
გასვლაზე 0:5-ის წაგების შემდეგ, საქართველოს ჩემპიონს მესამე რაუნდში გასვლის შანსი აღარ დარჩა და დაპირისპირება მხოლოდ პრესტიჟის კუთხით იყო მნიშვნელოვანი – ბათუმელებს მოგება ფსიქოლოგიურადაც სჭირდებოდათ.
პოლონელთა ძირითად შემადგენლობაში ამჯერადაც ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე შემოვიდა. ბათუმელთა სასტარტოში კი გია გეგუცაძემ 4 ახალი ფეხბურთელი დააყენა.
პირველ ტაიმში „დინამომ“ მომენტებით ვერ ისარგებლა,. მეორე ნახევარიც კარგად დაიწყო და დიდი ხანი უშედეგოდ უტევდნენ. თავის გამოჩენის კარგი შანსი მე-60 წუთზე მათე ვაწაძეს ჰქონდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა, მაგრამ გამოცდილმა თავდამსხმელმა მაინც გაიტანა – მათემ „ლეხის“ კარის ბადე 64-ე წუთზე შეარხია. მარცხენა ფლანგიდან ირაკლი აზაროვის გადაცემაზე ვაწაძემ მცველს დაასწრო და „დინამო“ ეფექტური თავური დარტყმით დააწინაურა.
75-ე წუთზე ბათუმელებს უპირატესობის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ ბენჯამინ ტეიდიმ სტანდარტის შემდეგ ბურთი კარს ააცილა. პოლონელებმა კი 76-ე წუთზე არაფრიდან ანგარიში გაათანაბრეს. შეცვლაზე შემოსულმა ალან ჩერვინსკიმ ბურთთან პირველივე შეხებით შორეული დარტყმით „დინამოს“ კარი აიღო.
საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა და ევროტურნირს დაემშვიდობა, ხოლო კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე კვეკვესკირი-წიტაიშვილი პოზნანის „ლეხი“ ითამაშებს.