ბათუმის „დინამომ“ კონკურენტი დაამარცხა - გეგუჩაძის გუნდის ნაბიჯი ჩემპიონობისკენ [ვიდეო]
ბათუმის „დინამომ“ კონკურენტი „საბურთალო“ დაამარცხა. ამით გია გეგუჩაძის გუნდმა საქართველოს ჩემპიონობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
ანგისას სპორტულ კომპლექსში „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდა. გათამაშების ლიდერის, ბათუმის „დინამოსა“ და მოქმედ ჩემპიონის, მესამეადგილოსანი „საბურთალოს“ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დაძაბული გამოდგა – იყო ყვითელი ბარათები, გაძევება, მცირე კონფლიქტები.
მთავარი ამბები მეორე ტაიმში მოხდა. 62-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა სტუმართა ლეგიონერს, ელვინ ტერას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. ბათუმელებმა რიცხობრივი უპირატესობით მალე ისარგებლეს: 74-ე წუთზე, ჯოვინო ფლამარიონმა „დინამო“ დააწინაურა.
28 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 58 ქულა დააგროვა, ლიდერობა განიმტკიცა, ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე უპირატესობა „საბურთალოსთანაც“ (51 ქულა) საგრძნობლად გაზარდა და თბილისის „დინამოსთანაც“ (54 ქულა).