ბათუმის „დინამომ“ კონატეს ტრანსფერი დაადასტურა - სენეგალელმა თავდამსხმელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ სენეგალის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მუსა კონატე დაიმატა და კონტრაქტის ხანგრძლივობაც ცნობილი გახდა.
„ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 29 წლის სენეგალელი თავდამსხმელი, მუსა კონატე დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
29 წლის მუსა კონატეს უთამაშია თელ-ავივის „მაკაბიში“,„კრასნოდარში“, „ჯენოაში“, „დიჟონში“, „ესპერანსა ტუნისიაში“, ხოლო ბოლოს, 2022 წლიდან თურქულ „სივასპორში“ გამოდიოდა.
კონატეს იწვევდნენ სენეგალის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, არის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. 2012 წლიდან სენეგალის ეროვნული გუნდის წევრი გახდა, სადაც 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა. ნაკრების განაცხადში მოხვდა 2015 წლის აფრიკის თასზე და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.