ბათუმის „დინამომ“ ისევ ვერ მოიგო - საქართველოს ჩემპიონის გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის წასვლას ითხოვდნენ #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა ვერ მოიგო. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამჯერად შინ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუზავდა – 0:0.
„ბათუმი არენაზე“ გამართულ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში ბათუმელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს.
თამაშის მეორე ნახევარში „დინამოს“ უფერული თამაშით იმედგაცრუებული ბათუმელი გულშემატკივრები, რომელთა რაოდენობაც წელს საგრძნობლად შემცირდა, მთავარი მწვრთნელის, ანდრეი დემჩენკოს წასვლას ითხოვდნენ.
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 21 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, მაგრამ ლიდერ გორის „დილას“ 10 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეოთხეადგილოსან „იბერიას“ (33) ორი მატჩით ნაკლები აქვს გამართული. წყალტუბოს „სამგურალი“ (23) მეშვიდე პოზიციაზეა.