ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ მე-3 ტურის მეორე შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ანგისას ბაზაზე, ვიცეჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ლიგის დებიუტანს, „თელავს“ უმასპინძლა და დიდი მონდომების მიუხედავად, მოგება ვერ მოახერხა.
გულშემატკივრებს სტადიონზე დასწრების უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ ბათუმელ გულშემატკივართა კლუბმა, „შავი ზღვის პირატებმა“ გუნდის მხარდასაჭერად პერფორმანსი მოაწყო. ტრიბუნაზე ბანერები გამოკიდეს, ხოლო ფან-სექტორში ფეხბურთელებს „პირატების“ მინიატურული ფიგურები დაახვედრეს. ბევრი გულშემატკივარი კი შეხვედრას თვალს სტადიონის გარშემო, მესერებიდან ადევნებდა.
მატჩის დაწყებამდე, მეტოქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს „საბურთალოს“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ხსოვნას.
ბათუმელებმა ანგარიში სწრაფად, პირველივე წუთზე გახსნეს – ლადო დვალიშვილის გადაცემით, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ჯოვინო ფლამარიონმა ისარგებლა და „თელავის“ კარი აიღო – 1:0.
ეროვნული ლიგის დებიუტანტმა „თელავმა“ ხასიათი გამოავლინა. მასპინძელთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, 53-ე წუთზე, რევაზ გიოცირიძის გაწვრთნილებმა წონასწორობის აღდგენა მაოხერხეს – ნიგერიელი რაფაელ ჩუკვურას მშვენიერი ფლანგური გარღვევა ლაშა კოხრეიძემ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა -1:1.
ბათუმელები მეორე გოლის გატანას და დაწინაურებას ცდილობდნენ, მაგრამ ვერაფერი მოახერხეს და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
გუნდებმა მიმდინარე სეზონში სამი შეხვედრა ჩაატარეს და ჯერ ერთიც ვერ მოიგეს, სამი ფრე და 3 ქულა „თელავისთვის“ კარგი შედეგია, ვიცეჩემპიონ ბათუმის „დინამოსთვის“ კი მისაღებად ვერ ჩაითვლება.