ბათუმის „დინამომ“ დაადასტურა - დავითაშვილი „ბორდოში“ იჯარით ითამაშებს #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზურიკო დავითაშვილი იჯარით ფრანგულ „ბორდოში“ ითამაშებს.
„ზურიკო დავითაშვილი ერთწლიანი იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით ფრანგულ „ბორდოში“ გავანათხოვრეთ. წარმატებებს ვუსურვებთ ზუკას საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
MatchDay-ის გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილის „ბორდოში“ ტრანსფერი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელიც 2014-2016 წლებში გუნდს წვრთნიდა და ქართველის შეძენა სწორედ მან ურჩია.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში დავითაშვილს ლიგა1-ის „ლორიანი“ იწვევდა, ფეხბურთელს და მის მხარეს კლუბის მენეჯერი ესაუბრა და პირობებზეც შეუთანხმდა, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი გაუგებარი მიზეზების გამო ჩაიშალა.
„ჟირონდა ბორდო“ ან უბრალოდ „ბორდო“ დაარსდა 1881 წელს და ექვსჯერ იყო საფრანგეთის ჩემპიონი: 1950, 1984, 1985, 1987, 1999 და 2009 წლებში. 2022/23 წლების სეზონიდან საფრანგეთის მეორე დივიზიონში, ლიგა 2-ში თამაშობს.