ბათუმის „დინამომ“ ანტონ ჩიჩკანი დაიმატა - ბელარუსმა მეკარემ თბილისის „დინამო“ დეკემბერში დატოვა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ანტონ ჩიჩკანი დაიმატა, ბელარუს მეკარესთან ყველა საკითხი შეთანხმებულია და ხელშეკრულებაც გაფორმდა, – ინფორმაციას Goal.ge ავრცელებს.
27 წლის მეკარე „დინამო თბილისმა“ სექტემბერში დაიმატა, თუმცა მან დეკემბერში გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიჩკანმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი 2 წლით გააფორმა, ბათუმის „დინამო“ ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დაადასტურებს.
ანტონ ჩიჩკანი ბორისოვოს „ბატესა“ და „სმოლევიჩის“ ღირსებას იცავდა. სამჯერაა ბელარუსის ჩემპიონი, ორჯერ – თასის მფლობელი, ერთხელ – სუპერთასის გამარჯვებული. მისი ბოლო კლუბი „უფა“ გახლდათ. ანტონ ჩიჩკანი იყო ბელარუსის 21-წლამდე ნაკრების წევრი (5 მატჩი), ერთი შეხვედრა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ჩაატარა.
სექტემბერში ჩიჩიკანმა თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება დამატებით ერთწლიან პერიოდსაც მოიცავდა, მაგრამ შეთანხმება აღარ შედგა.
ბათუმის „დინამო“ ზაფხულში მეკარე ლაზარე კუპატაძემ დატოვა, სეზონის ბოლოს მიხეილ ალავიძეც წავიდა და გუნდი მათი შემცვლელების დამატებაზე ფიქრობდა.