ბათუმის „დინამოში“ ახალი ლეგიონერი, ანგოლის ნაკრების ნახევარმცველი მარიო ბალბურდია ითამაშებს – სიახლე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მარიო სეზარ აზევედო ალვეს ბალბურდია 1997 წლის 19 აგვისტოს დაიბადა. ანგოლელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია, თამაშობდა პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბ „მაფრაში“.
პროფესიული კარიერა სამშობლოში, ლუანდის „პრიმეირო დე აგოსტოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2018 წელს კი მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც ოთხი წელი ითამაშა. 2022 წლის 20 ივლისს კონტრაქტი პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბ „ეშტრელა ამადორასთან“ გააფორმა.
„ეშტრელას“ პორტუგალიის მთავარ ლიგაში (პრიმერალიგა) დაწინაურების შემდეგ, ბალბურდია კვლავ მეორე ლიგაში დარჩა, „მაფრასთან“ ერთწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ბათუმის „დინამოში“ გადასვლამდე ამ კლუბში თამაშობდა.
ბალბურდიამ ანგოლის ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა. სადებიუტო თამაში კი 2018 წელს აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო მატჩში ბოტსვანასთან ჰქონდა.