ბათუმის „დინამოდან“ საფრანგეთში - ჯოვინო კარიერას „ვალენსიენში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ფლამარიონ ჯოვინო, რომელიც ბათუმის „დინამო“ დატოვა და ეს საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
„27 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი შემტევი კარიერას საფრანგეთის ლიგა 2-ში, „ვალენსიენში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი საფრანგეთში კვირას გაფრინდება“, – წერია Geo Team-ის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ფლამარიონ ჯოვინო ბათუმის „დინამოში“ 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი წელი გაატარა სხვა გუნდში (ვოლგოგრადის „როტრში“). ბრაზილიელმა ქართულ კლუბში 200 მატჩი ჩაატარა, 88 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მას ბათუმის „დინამოსთან“ ხელშეკრულება 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით აკავშირებდა. თავიდან იყო ლაპარაკი ჯოვინოს ისრაელში გადასვლაზე, მაგრამ საბოლოოდ ეს არ გამოვიდა.
2021 წლის ბოლოს ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ „ჯვაროსნებში“ არ უთამაშია. ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (2022, 2023), ხოლო სამჯერ – ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (2019, 2022, 2023).