თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე მორიგი საკონტროლო მატჩი გაიმართა – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ „თელავს” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, თამაში ხისტ ბრძოლაში წარიმართა. პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში „თელავმა“ 75-ე წუთზე გახსნა – ბათუმელთა მცველის შეცდომით ირაკლი რუხაძემ ისარგებლა 1:0.
ბათუმის „დინამომ“ წონასწორობა სულ რაღაც 4 წუთში აღადგინა. ამჯერად თელაველთა ცენტრალური მცველი შეცდა და „დინამოს“ თავდამსხმელმა გიორგი ფანცულიამ შანსი გოლად აქცია და მატჩი საბოლოოდ 1:1 დასრულდა. 26 წლის თავდამსხმელი ბათუმელთა ახალწვეულია და „დინამოს“ ჩატარებულ სამივე საკონტროლო მატჩში შეძლო გატანა შეძლო.
ამით ბათუმის „დინამომ“ სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა. გია გეგუჩაძის გუნდი 4 თებერვლიდან 20 თებერვლამდე თურქეთის ქალაქ ბელეკში გადაინაცვლებს, სადაც რამდენიმე ტესტ-მატჩის ჩატარებას გეგმავს.