ბათუმის „დინამო“ თბილისური კლუბების ნახევარმცველებით დაინტერესდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ სამი ნახევარმცველის დამატება სურს – სამივე თბილისური კლუბების ფეხბურთელია.
გავრცელებული ცნობით, ბათუმელებმა გორის „დილას“ ნახევარმცველის, ირაკლი ბიძინაშვილის შემდეგ, სერბი შუახაზელის, მილან რადინის დამატების საკითხიც გადაწყვიტეს, რომელიც მათ კონკურენტ „დინამო თბილისში“ თამაშობდა.
30 წლის სერბ ლეგიონერს ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ბათუმელებთან კი კონტრაქტს ოფციონის წესით, 2+1 წლით გააფორმებს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, გია გეგუჩაძის გუნდში ასევე განიხილება თბილისის „ლოკომოტივის“ ორი შემტევი ნახევარმცველის, თორნიკე კირკიტაძისა და ნიდერლანდური პასპორტის მქონე მაროკოელი ლეგიონერის, ულად-ომარ იმრანის დამატების საკითხიც.
ორივე ეს ფეხბურთელი დღევანდელი „ლოკომოტივის“ სახეს წარმოადგენენ და ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია მათი დამატება, რადგან 2020 წლის ბოლოს ორივე მათგანმა „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაახანგრძლივა.
თორნიკე კირკიტაძემ და ულად-ომარ იმრანმა გულშემატკივარს თავი 2020 წელს დაამახსოვრეს, როდესაც ევროსეზონში ევროპალიგაზე რუმინულ „კრაიოვასთან“ და მოსკოვის „დინამოსთან“ შესანიშნავად ითამაშეს.