ბათუმის „დინამო“ სტეფან ჰაიდინმა დატოვა - სერბ ლეგიონერს გუნდთან ადაპტაცია გაუჭირდა #1TVSPORT
სტეფან ჰაიდინი ბათუმის „დინამოში“ აღარ ითამაშებს, – ერთი თვის წინ დამატებულმა ლეგიონერმა საქართველოში თამაში აღარ ისურვა.
28 წლის სერბი ფეხბურთელი გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფებოდა, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) ბათუმის „დინამოს“ განაცხადში არ ყოფილა.
ცნობილი გახდა, რომ ჰაიდინმა ბათუმის „დინამო” უკვე დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ქართულ გუნდში ადაპტაცია გაუჭირდა. არადა, „ვოჟდოვაციდან“ წამოსულ ნახევარმცველს ბათუმში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) უნდა ეთამაშა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა უკვე დაიმატეს ლუკა ზარანდია კელჩეს „კორონადან“, მუხრან ბაგრატიონი და ანტონ ჩიჩკანი – თბილისის „დინამოდან“, თორნიკე კაპანაძე – გორის „დილადან“, გიორგი კვერნაძე – „საბურთალოდან“, ალექსანდერ იაკობსენი – „სმუხადან“ (ეგვიპტე), ბოლოს კი – სენეგალის ნაკრების (32 მატჩი, 12 გოლი) 29 წლის ფორვარდი მუსა კონატე, რომელიც სხვადასხვა დროს თამაშობდა „დიჟონში“, „სივასფორში“, „ამიენში“, „ჯენოაში“, „კრასნოდარსა“, და „მაკაბიში“.
მათ გარდა, პოლტოვის „ვორსკლას“ მეკარე ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან, მათთან კონტრაქტის ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილებას „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.