ევროთასებიდან გამოვარდნილი ბათუმის „დინამო“ სერბ ლეგიონერს, ვლადან ვიდაკოვიჩს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„სერბი ლეგიონერი ვლადან ვიდაკოვიჩი ჩვენს გუნდს დაემშვიდობა. საიჯარო ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. წარმატებები ვლადანს საფეხბურთო კარიერის ახალ ეტაპზე“, – წერია კლუბის განცახდებაში.
ბათუმის „დინამომ“ სერბი საყრდენი ნახევარმცველი სლოვენიიდან იანვარში დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელი ბოლოს სლოვენიის ჩემპიონის, „მარიბორის“ ღირსებას იცავდა.
ვიდაკოვიჩს ბათუმის „დინამოში“ ერთწლიანი იჯარით უნდა ეთამაშა, რის შემდეგაც ზღვისპირელებს მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა და სერბმა ფეხბურთელმა გუნდი ნახევარი წლის შემდეგ დატოვა. ამ პერიოდში მან კლუბში 12 თამაში ჩაატარა, არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა ჩაუწერია – მის ანგარიშზე მხოლოდ ოთხი ყვითელი ბარათია.
„მარიბორამდე“ ვიდაკოვიჩი სამშობლოში თამაშობდა, სადაც „ვოივოდინას“, „ობრენოვაცის“, კულას „ჰაიდუკისა“ და „სუბოტიცას“ ღირსებას იცავდა. იყო სერბეთის 16 და 17-წლამდელთა ნაკრებებში.