ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩეპიონია - ფაცაციამ სეზონის გოლი 60 მეტრიდან გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში „თელავი“ 3:0 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონობა გაიფორმა, ცოტნე ფაცაციამ კი სეზონის გოლი გაიტანა.
„ბათუმი არენაზე“ გამართულ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში მასპინძლები 24-ე წუთზე დაწინაურდნენ. ბათუმის „დინამოს“ შეტევა ლადო მამუჩაშვილმა ირაკლი ბიძინაშვილს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყუმით „თელავს“ გაუტანა.
მალე მამუჩაშვილს ბათუმელების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, რადგან სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გუნდის შტატიანმა პენალტისტმა ამჯერად ვერ გაიტანა – მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
მეორე ტაიმში ბათუმელებმა უპირატესობა 54-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლით გაზარდეს. გიორგი ზარიამ საჯარიმოსთან ორი მცველი ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა, კართან მესამეც მოატყუა და 2:0. ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი იყო – იმას ჰგავდა, გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ „ტორინოს“ რომ გაუტანა. თუმცა, ის, რაც 90+2 წუთზე ცოტნე ფაცაციამ შეძლო, კიდევ უფრო ლამაზი აღმოჩნდა და ნამდვილი შედევრი იყო – ბათუმელთა ნახევარმცველმა კარიდან ოდნავ შორს გამოსული „თელავის“ მეკარე შენიშნა, საკუთარი საჯარიმოდან, დაახლოებით 60 მეტრიდან დაარტყა და სეზონის გოლის ავტორი გახდა.
ბათუმის „დინამომ“ ამ გამარჯვებით 73 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისი (65) ვეღარ დაეწევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათუმელებმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვეს.
„თელავი“ (34) ისევ მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ „სამტერდიას“ მხოლოდ ქულით ასწრებს და ბოლო ტურებში გადაწყდება, ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს თუ პლეი აუტში ითამაშებს.