ბათუმის „დინამო“ საკუთარ სტადიონს უბრუნდება - კლუბმა გულშემატკივრებს თხოვნითაც მიმართა #1TVSPORT
„ბათუმი არენაზე“ მოედნის საფარის განახლება დასრულდა და ბათუმის „დინამო“ ორი მატჩის შემდეგ საკუთარ სტადიონს უბრუნდება, – ამის შესახებ კლუბმა განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს თხოვნითაც მიმართა.
„ბათუმის სტადიონზე მოედნის საფარის განახლების პროცესი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საშინაო შეხვედრებს კვლავ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჩავატარებთ.
გვსურს, თქვენი ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩეროთ. გუნდის თითოეული წევრი აფასებს თბილ დამოკიდებულებას ფეხბურთელების მიმართ. გვესმის, რომ ფეხბურთი ემოციური სპორტია, თუმცა აუცილებელია, გავითვალისწინოთ სტადიონზე მოქცევის წესები. უკანასკნელი მატჩების განმავლობაში მოედანზე შეჭრის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აზიანებს ჩვენი ძვირფასი სტადიონის მოედნის საფარს. ამასთანავე, ზრდის ალბათობას, კლუბს დაუწესდეს სანქციები.
მოგმართავთ თხოვნით, მატჩის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში ნუ გადაკვეთავთ სტადიონზე გულშემატკივრებისთვის განკუთვნილ ზონებს და პატივი ეცით საყვარელ კლუბს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტადიონის უსაფრთხოების სამსახური იძულებული იქნება, მიიღოს მკაცრი ზომები. გვჯერა, ჩვენ თხოვნას გაითვალისწინებთ და ერთად შევქმნით სასიამოვნო საფეხბურთო დღეებს. ასე რომ, გელოდებით“, – წერია ბათუმის „დინამოს“ განცხადებაში.
საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ განახლებულ არენაზე პირველ მატჩს 11 მაისს „თელავთან“ ჩაატარებს.