ბათუმის “დინამო” ზედიზედ სამი მატჩის მოგებით ეროვნულ ლიგა 2-ში მე-2 ადგილზეა და 12-წლიანი პაუზის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დასაბრუნებლად ემზადება. როგორც ცნობილი ხდება, მაისიდან გუნდი ანგისას ბაზაზე ითამაშებს.
“ხანგრძლივი მომთაბარეობის შემდეგ “დინამო” თავის ქალაქში და საკუთარ გულშემატკივართან ბრუნდება. ამ დღეს თქვენთან ერთად ჩვენც მოუთმენლად ველით და გვსურს, ჩვენს ახალ ბაზაზე რაც შეიძლება მალე გიმასპინძლოთ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ უკვე მომდევნო ტურში, 14 აპრილს გვეთამაშა საკუთარ კედლებში. მაგრამ არსებობს რამდენიმე შემაფერხებელი გარემოება რომელთა გამოც აღნიშნული თარიღის შეცვლა გვიხდება. დათქმული 14 აპრილის ნაცვლად, ბაზის გახსნა და პირველი მატჩის ჩატარება მაისისთვის გადაიდო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე. მომდევნო შეხვედრას 15 აპრილს გუნდი ისევ ქუთაისში გამართავს. გუნდის თითოეული ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბი განსაკუთრებულად ელოდება დღეს, როცა ბათუმის “დინამო” საკუთარ სახლში დაბრუნდება – იქ სადაც ყველაზე მეტად ელიან, უყვართ და ქომაგობენ” – წერია ბათუმის “დინამოს” განცხადებაში.
ანგისას ბაზის მშენებლობა დეკემბერში დასრულდა და ბალახის საფარიც დააგეს. მაგრამ ეს ორკვირიანი გადავადება იმიტომ დასჭირდათ, რომ საფარი მომაგრდეს და ნაადრევი დატვირთვების გამო არ გაფუჭდეს.