ბათუმის „დინამო“ აჭარის მთავრობას გადაეცა - კლუბს მალე „ლამინი ჯგუფი“ ჩაიბარებს
ბათუმის „დინამო“ აჭარის მთავრობას გადაეცა - კლუბს მალე „ლამინი ჯგუფი“ ჩაიბარებს

ბათუმის „დინამო“ მალე კერძო მეპატრონეს გადაეცემა – ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ბათუმის მერიის საკუთრებაში არსებული გუნდი საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა.

საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილის გადაცემა აჭარის მთავრობის მოთხოვნა იყო, რომელიც ბათუმის „დინამოს“ პირდაპირი წესით გადაცემას შპს „ლამინი ჯგუფისთვის“ აპირებს.

„ლამინი ჯგუფი“ 2013 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი ქეთინო ბერიძეა, ხოლო კომპანიის დირექტორი – არჩილ ბერიძე, ის პიროვნება, რომელსაც კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებები უკავშირდება. „ლამინი ჯგუფს“ აქვს სამშენებლო ბიზნესი, ხოლო აჭარის მთავრობასთან ერთად თანასაკუთრებაში შპს „ახალ ტექნოლოგიას“ ფლობს.​

„ლამინი ჯგუფს“ კლუბს 49-წლიანი მართვის უფლებით გადასცემენ, სანაცვლოდ კი კომპანია შემდეგ ვალდებულებებს იღებს – ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში 100 000 ლარს გადაიხდის, სულ კი ცხრა მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში, „ლამინი ჯგუფმა“ 200 000-ლარიანი გარანტია უნდა წარადგინოს, ხოლო სამ თვეში გუნდის განვითარების კონცეფცია შეიმუშაოს და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინოს. კონცეფციაში იგულისხმება ბავშვთა საფეხბურთო აკადემიას, ბავშვთა გუნდისთვის დამხმარე ფართს, საფეხბურთო კლუბ „დინამოსთვის“ შენობას, სადაც ფეხბურთელთა საცხოვრებელი ფართი იქნება.