ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზე გავიდა [ვიდეო]
ბათუმის „დინამო“ მეორე ადგილზე გავიდა [ვიდეო]

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. თბილისის „შატილის“ სტადიონზე, „ნორჩი დინამო“ „ცხინვალს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა. იაგო დეისაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ბექა ბეროშვილმა და ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანეს, ხოლო ერთიც საკუთარ კარში „ცხინვალის“ მცველმა ნიკა ყურშავიშვილმა ჩაჭრა. სტუმართაგან კი თავი ზვიად მეტრეველმა გამოიჩინა.

„მცხეთა პარკზე“ გათამაშების ლიდერების, „ვიტ ჯორჯიასა“ და „გაგრას“ შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა 0:0.

მარტვილის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალი“ ბათუმის „დინამოსთან“ დამარცხდა. ცუდი სტარტის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმელებმა მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორეს: ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი ილურიძემ ეფექტური დარტყმით გახსნა (იხილეთ ვიდეო). მიუხედავად იმისა, რომ მე-40 წუთზე სტუმრებს კაპიტანი გიორგი ჯანელიძე ორი ყვითელი ბარათის გამო გაუძევეს, ბათუმელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს 0:1.

თბილისში, ტექნიკური ცენტრი “ბასაზე” ”შევარდენი” ერთ-ერთ ლიდერს, მარტვილის ”მერანთან” პირველ ტაიმში ფარიდ ნაბიევისა (24) და ომარ პატარკაციშვილის (32) გოლებით 2:0 დაწინაურდა. მარტვილელებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს (დავით ბოლქვაძე – 77) და თბილისელებმა 2:1 მოიგეს.

ეროვნულ ლიგა 2–ის გათამაშებას 11 ქულით “ვიტ ჯორჯია” ლიდერობს, ხოლო 9-9 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე ბათუმის ”დინამო” და ”გაგრა” არიან. ბოლო, მეათე ადგილზე კი 3 ქულით ”შუქურაა”, რომელიც დღეს ტურის ბოლო მატჩს ქუთაისში გამართავს – ქობულეთელები ”თელავი” დაუპირისპირდებიან.