ბათუმის „დინამომ“ „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ლიდერებში დაწინაურდა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრნენ და ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გადამწყვეტი გოლი 72-ე წუთზე ბათუმელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, გაბრიელ რამოსმა გაიტანა.
მატჩის ბოლო მთავარმა არბიტრმა გია მანჯგალაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. მიმდინარე სეზონში ეს ყველაზე „წითელი“ ტური იყო – სამ შეხვედრაში მსაჯებმა წითელი ბარათი მესამედ გამოიყენეს.
ბათუმის „დინამომ“ ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, ცხრა ქულა დააგროვა და ლიდერ „საბურთალოსთან“ ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა. თუმცა, მოქმედ ჩემპიონს თამაში აქვს დარჩენილი.
ტურის ცენტრალური შეხვედრა 31 მარტს გაიმართება – საბურთალო თბილისის „დინამოს“ „დინამო-არენაზე“ ესტუმრება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.