თურქული შეკრების მეორე საკონტროლო მატჩში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ კოსოვოს „მალიშევას“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
„მალიშევა“ 2016 წელს დაფუძნებული საფეხბურთო კლუბია, რომელიც კოსოვოს სუპერლიგაში თამაშობს და მიმდინარე სეზონში ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. ცუდი შედეგების გამო, კლუბში მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და „დინამოსთან“ ამხანაგურ მატჩში „მალიშევა“ მოედანზე ახალმა მწვრთნელმა გაიყვანა.
კოსოვოელებისთვის შეკრებაზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან დაპირისპირება პირველი ამხანაგური შეხვედრა იყო. თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ მატჩში „მალიშევა“ ბათუმის „დინამოსთან“ ალუშ გავაზაიმ დააწინაურა და, საბოლოოდ, მისმა გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა – 1:0.
მალიშევა – დინამო (1:0)
„დინამო“: ჩიჩკანი, კობახიძე, რეხვიაშვილი, ბაგრატიონი, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ფალავანდიშვილი, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ჯოვინო, ვაწაძე.