ბათუმის „დინამომ“ „აჭარაბეთ არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ბათუმელები შეხვედრის დაწყებისთანავე მეტოქის კარს უტევდნენ, მაგრამ ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს. ირაკლი აზაროვის გადაცემის შემდეგ ჯაბა ჯიღაური მცველებში აღმოჩნდა, მაგრამ მაინც დაარტყა და დაბალ კუთხეში გაიტანა – 1:0.
მეორე ნახევარში ბათუმელებმა უპირატესობა გაზარდეს. 52-ე წუთზე, ჯოვინო ფლამარიონის პასით ლადო მამუჩაშვილმა ისარგებლა და „სამგურალის“ კარი მეორედ აიღო – 2:0. 63-ე წუთზე კი მამუჩაშვილმა თავად გააკეთა საგოლე გადაცემა, გოლი კი სანდრო ალთუნაშვილმა გაიტანა – 3:0.
70-ე წუთზე „სამგურალი“ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – ნიკა კალანდარიშვილმა სწრაფი შეტევა ჩაშალა, მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მოედნის დატოვება მოუხდა. თუმცა, ბათუმელები გაჩერდნენ და მეტი აღარ გაუტანიათ.
ბათუმის „დინამომ“ 3:0 მოიგო, 26 ტურის შემდეგ 56 ქულა დააგროვა და „დინამო თბილისთან“ (51) უპირატესობა შეინარჩუნა, ხოლო „სამგურალი“ (34) ქულით ისევ მე-6 ადგილზე დარჩა.