ბათუმის „დინამო“ კიდევ გაძლიერდება - გუნდში „ტორპედოელებისადმი“ ინტერესს ადასტურებენ
ბათუმის „დინამოს“ გენერალურმა სპონსორმა – „ლამინი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეების მიმართ ინტერესი აქვს.
„მამუკა კობახიძისა და ლადო დვალიშვილის შემდეგ, ბათუმის „დინამოს“ სხვა ახალწვეულებიც ეყოლება. დასამალი არ არის, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ კიდევ ორი მოთამაშის – ლევან გეგეჭკორისა და მათე ცინცაძის მიმართ დიდი ინტერესი გვაქვს, მაგრამ ამ ტრანსფერების განხორციელებამდე ქუთაისის „ტორპედოს“ პოზიციაა გასარკვევი“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
ბათუმის „დინამოს“ გენერალურმა სპონსორმა დააკონკრეტა, რომ კონკურენტი გუნდის დაშლით დაინტერესებული არ არის.
„მთავარია, რა პოზიცია ექნება ქუთაისის „ტორპედოს“. გულწრფელად ვამბობ, რომ კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამოვდივარ და მიმაჩნია, რომ თუ ქუთაისელები ამ ფეხბურთელების შენარჩუნებას მოახერხებენ, ეს ჩვენი ჩემპიონატისთვის აჯობებს, რადგან „ტორპედო“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და ჩემპიონატში მეტი კონკურენცია იქნება. მაგრამ ეს თუ ვერ შეძლეს, გეგეჭკორისა და ცინცაძის დასამატებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, – დასძინა არჩილ ბერიძემ.