ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - ჩემპიონმა „საბურთალოს“ წაუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 31-ე ტური რუსთავში გამართული შეხვედრით დაიწყო – „საბურთალომ“ ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა, 2:4 დამარცხდა და წაუგებელი სერია შეწყვიტა.
თბილისელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-4 წუთზე იური ტაბატაძის ეფქტური გოლით დაწინაურდნენ. ბათუმელებმა წონასწორობა შვიდ წუთში აღადგინეს. მეტოქის შეცდომით გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა და ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო, მაგრამ სხვაგვარად გაგრძელდა – ორი გოლი მეკარეების შეცდომის შედეგად გავიდა. 52-ე წუთზე მასპინძლები გურამ გოშთელიანმა დააწინაურა, მაგრამ ფანცულაიამ 4 წუთში წონასწორობა ისევ აღადგინა.
64-ე წუთზე კი „საბურთალოს“ კარში პენალტი დაინიშნა და ლადო მამუჩაშვილმა ბათუმელები პირველად დააწინაურა. 77-ე წუთზე თბილისელები კაცნაკლულები დარჩნენ. ოთარ მამაგეიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. „საბურთალო“ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მეოთხე გოლიც გაუშვა – 90+1-ე წუთზე საბოლოო ანგარიში მათე ვაწაძემ დააფიქსირა.
ბათუმის „დინამომ“ 67 ქულა დააგროვა და გადაასწრო „დინამო თბილისს“ (66), რომელსაც 31-ე ტურის მატჩი გასამართი აქვს. „საბურთალომ“ კი 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 44 ქულით ისევ მე-6 ადგილზეა.