ბათუმის „დინამო“ ერთწლიანი შესვენების შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ლიგა 2-ის 33-ე ტურში აჭარლებმა თბილისში „ნორჩ დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა 2:1 მოიგეს და მთავარი ქართული ლიგის საგზური სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიპოვეს.
ანგარიში მეორე წუთზე თბილისელთა თავდამსხმელმა გიორგი კახელიშვილმა გახსნა. ბათუმელებმა წონასწორობა 32-ე წუთზე ამირან აბუსელიძის გოლით აღადგინეს, ხოლო 90+1 წუთზე დინამოელმა გაბრიელ რამოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1) და გუნდს ეროვნული ლიგის საგზური მოუტანა.
მეორეადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ გასვლაზე ქობულეთის „შუქურა“ ზურაბ მუსელიანისა (83 წუთი) და ნოდარ კიკნაველიძის (85) გოლებით 2:0 დაამარცხა და 59 ქულა დააგროვა.
ბათუმის „დინამოს“ კი 33 ტურის შემდეგ 70 ქულა გაუხდა, ფინიშამდე სამი ტურით ადრე კონკურენტებისთვის მოუწვდომელია და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.
33-ე ტურის დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა –
შევარდენი 1906 0:3 თელავი
სამგურალი 2:1 მერანი
ცხინვალი 1:1 გაგრა