ბათუმის „დინამო“ „დილას“ დაუზავდა - გეგუჩაძის გუნდმა ლიდერობა და კონკურენტთან სხვაობა შეინარჩუნა #1TVSPORT
22:39, 29.09.2021
ეროვნული ლიგის 27-ე ტური და ზოგადად, მესამე წრე „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართული მატჩით დასრულდა. გორის „დილამ“ გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა.
„დილამ“ თამაში კარგად დაიწყო – 23-ე წუთზე უსმანე კამარა მცველებს გაექცა და ანგარიში გახსნა. სტუმრებმა 34-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს. სანდრო ალთუნაშვილის ფლანგური გადაცემა ჯაბა ჯიღაურმა ეეფქტური დარტყმით დააგვირგვინა და სეზონში მე-11 გოლი გაიტანა – 1:1.
მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა. ლადო მამუჩაშვილმა 73-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ბათუმელები წინ გაიყვანა, მაგრამ სამ წუთში გორელების სწრაფი და ლამაზი შეტევა ნიკა გაგნიძემ გოლით დაასრულა და წონასწორობა აღადგინა.
საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა – ბათუმის „დინამომ“ 59 ქულით მესამე წრე პირველ ადგილზე დაასრულა და „დინამო თბილისთან“ (52) დისტანცია შეინარჩუნა. „დილა“ (44) მე-4 ადგილზე დარჩა და „საბურთალოს“ (46) ორი ქულით ჩამორჩა, ხოლო „ლოკომოტივთან“ (41) სხვაობა გაზარდა.