პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე ბათუმის „დინამომ“ ისტორიულ შედეგს მიაღწია – გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა.
მერვედფინალური დაპირისპირება დღეს გაიმართა. ბათუმის „დინამომ“ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ამჯერად ბელარუსის ჩემპიონს, ბორისოვოს „ბატეს“ შეხვდა. ურთულეს დაპირისპირებაში საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე 3:2 დაამარცხა და რვა საუკეთესო გუნდში მოხვდა, რაც გუნდის არსებობის და ქართული პლაჟის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
„ბატეს“ კარში გოლები გაიტანეს შამილაძემ და გუნდის ლეგიონერებმა, დიმიასმა და სუარესმა. მეოთხედფინალში ბათუმის „დინამო“ პოლონური „ლოდზისა“ და ესპანური „მილისტარის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
„გილოცავ საქართველო! მოვიგეთ და 1/4-ფინალში ვართ. თამამად ვიტყვი, რომ ბათუმის „დინამოს“ საპლაჟო გუნდი ნელ-ნელა ისტორიას წერს“, – ამბობს საქართველოს პლაჟის ფეხბურთის ფედერაციისა და ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია.