ბათუმის „დინამო“ ეროვნული ლიგის სეზონის განახლებისთვის ემზადება. ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე გუნდი ექიმების რეკომენდარციების მიხედვით ვარჯიშობს. გუნდს თითქმის ყველა ლეგიონერი შეუერთდა.
პანდემიით გამოწვეულმა პაუზამ იმდენი ხანი გასტანა, რომ ყველა ტრავმირებული მომჯობინდა და ვარჯიში დაიწყო. თუმცა ჯერ ბათუმელები, ისევე როგორც სხვა გუნდები, გუნდურ ვარჯიშებს ვერ ატარებენ. საფეხბურთო კლუბები საამისოდ ნებრათვას ელიან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე, ერთი კვირის განმავლობაში, ათივე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სეზონის განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.
ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის ორ წრედ ჩატარებას (ოთხის ნაცვლად). შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.
ეროვნული ლიგა ორი ტურის შემდეგ შეწყდა. ბათუმის „დინამომ“ სეზონი მძიმედ დაიწყო, ორივე მატჩი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი ქულა დააგროვა.