ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პოლონეთის ჩემპიონატის მერვეადგილოსან „ზაგლებიესთან“ ამხანაგური მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.
ეს თურქულ შეკრებაზე მყოფი საქართველოს ჩემპიონის მესამე მატჩი იყო. „ზაგლებიე“ 29-ე წუთზე ესპანელი თავდამსხმელის, ხუან მუნიოსის გოლით დაწინაურდა. ბათუმის „დინამომ“ ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლო – 55-ე წუთზე, გიორგი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ ლუკა ქაფიანიძემ მეტოქის საჯარიმოში მცველებს დაასწრო და ახლოდან გაიტანა.
ბათუმელები შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას კოვალივკას „კოლოსთან“ 11 თებერვალს, 17:00 საათზე გამართავენ.