თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ქალთა შორის ფუტსალში „ზამთრის თასის“ პირველი გამარჯვებული გამარჯვებული „ბათუმი“ გახდა.
ფინალში ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთის ზონების გამარჯვებულები, სოხუმის „დინამო“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ.
ძირითადი დრო სოხუმელთა უპირატესობით წარიმართა – პირველი ტაიმის შემდეგ მეგი ეჯიბიას (მე-7 წუთი) და ლელა ჭიჭინაძის (15 წუთი) გოლებით „დინამო“ 2:0 იგებდა. თუმცა, მეორე ტაიმში, ბათუმელებმა გვანცა დოლიძემ და დარინა სელიმბამ ანგარიში გაათანაბრეს და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. ვითარება არც დამატებითმა ტაიმებმა შეცვალა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტები დაინიშნა, რომელიც უკეთ „ბათუმმა“ შეასრულა (4:5) და „ზამთრის თასის“ პირველი გამარჯვებული გახდა.
ფინალის შემდეგ, გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ დააჯილდოეს.
ბათუმელთა მეკარე ლიკა მარკოიძე, რომელმაც მთელი ტურნირი კარგად ჩაატარა, ფინალურ შეხვედრაში საუკეთესო იყო, გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა და „ზამთრის თასის“ საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი დაიმსახურა. ტურნირის ბომბარდი 10 გოლით ასევე ბათუმელი თათია შაინიძე გახდა, ერთით ნაკლები (9 გოლი) სოხუმის „დინამოს“ შემტევმა ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა.