ბათუმელებს „სივასპორთან“ ბასკი არბიტრი განსჯის, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია #1TVSPORT
„დინამო“ ბათუმის „დინამომ“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა „ბათუმი არენაზე“ თურქულ „სივასპორთან“ 1:2 დათმო.
გია გეგუჩაძის გუნდი განმეორებითი მატჩისთვის ემზადება და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. „ბატესთან“ გამოცდილება მიუთითებს, რომ ბათუმელებს სტუმრად კარგად გამოსვლა შეუძლიათ.
განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს „სივას არენაზე“ თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. უეფა-მ შეხვედრის განსჯა ესპანურ ბრიგადას მიანდო. მთავარი არბიტრი რიკარდო დე ბურგოს ბელგოეჩეა იქნება, რომელსაც დაეხმარებიან რობერტო დელ პალომარი და იონ ნუნესი, ხოლო მე-4 მსაჯად ადრიან კორდერო იმუშავებს.
35 წლის რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა ფიფა-ს მსაჯია 2018 წლიდან და ითვლება უეფას II კატეგორიის არბიტრად. 2011 წელს სეგუნდა დივიზიონში მსაჯობის უფლება მიიღო, ხოლო 2015 წელს ლა ლიგაში დააწინაურეს, სადაც პირველი მატჩი 2015 წლის 23 აგვისტოს „ლევანტესა“ და ვიგოს „სელტას“ შორის განსაჯა.
2017 წელს მან იმსაჯა სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის. 2018 წელს შევიდა ფიფა-ს მსაჯთა სიაში. პირველად საერთაშორისო მატჩს 2019 წლის 10 ოქტომბერს მოემსახურა, როდესაც ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელორუსმა ესტონეთს უმასპინძლა.
რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეამ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 28 ივლისს ბაქოში განსაჯა, სადაც „ნეფთჩი“ „ოლიმპიაკოსმა” 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა მსაჯმა ბოლო 10 მატჩში 6-ზე ნაკლები ყვითელი ბარათი აჩვენა. ბოლო 10 შეხვედრედან 9-ში წითელი ბართი არ გამოუყენებია, ხოლო ბოლო 10 მატჩიდან 9-ში პენალტი არ დაუნიშნავს.
რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა ბილბაოშია დაბადებული, ბასკია და სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობს.