ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარა” პირველად ბათუმის „დინამომ“ გახსნა და უკვე მეორე მოთამაშე დაიმატა.
ბათუმელთა პრეს-სამსახურის ცნობით, გია გეგუჩაძის გუნდმა რიგით მეორე ტრანსფერი განახორციელა და გუნდს კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელი დაემატა – კიჭი მელიავა.
26 წლის მარჯვენა მცველი გუნდს მარტვილის „მერანიდან“ შეუერთდა, რომელიც ლიგა 3-ში გავარდა. მელიავა მარტვილელია, „მერანის“ საფეხბურთო სკოლის გაზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 10 წელია, იცავს.
შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ პირველად 26 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე დაიმატა – უკრაინული „პოლტავას“, „ზორიას“, „ჩიხურას“, „სიონის“, „სამტრედიას“ და აზერბაიჯანული „ქიაფაზის“ ყოფილი მოთამაშე, რომელიც 2018 წელს ლატვიურ „ვენტსპილსში“ გამოდიოდა. ორივე ფეხბურთელთან ბათუმურმა კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.