ბათუმის ახალ სტადიონზე სამშენებლო სამუშაოები მაღალი ტემპებით მიმდინარეობს. კონსტრუქციების დიდი ნაწილი უკვე აშენებულია და მალე გადახურვა დაიწყება.
ეს ამბავი ადგილობრივი „დინამოს” გულშემატკივრებს ახარებთ, მაგრამ მშენებლებს მოთხოვნას უყენებენ – ტრიბუნები უნდა იყოს გუნდის ფერებში, მხოლოდ თეთრსა და ლურჯში მორთული. განცხადება „დინამოს“ ფან-კლუბმა, „შავი ზღვის მეკობრეებმა“ გაავრცელა.
„სტადიონის მშენებლობა ძალიან კარგ ტემპში მიმდინარეობს, რაც ყველა ბათუმელს და „დინამოს“ ქომაგს ძალიან გვახარებს! მაგრამ, რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ სტადიონის სკამები მთლიანად თეთრ-ლურჯ ფერებში არ იქნება გადაწყვეტილი – კარების უკან ტრიბუნები წითელი ფერის იქნება. ვეცადეთ, გაგვერკვია მიზეზი ამ გადაწყვეტილების, რაზეც შპს სტადიონი – LTD Stadium-მა გვიპასუხა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ცეკვა „ხორუმის“ კონცეფციაა, რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული სტადიონის დიზაინში, მაგრამ არსად ფიგურირებდა სხვა ფერი, გარდა თეთრისა და ლურჯისა. „პირატები“ და ბათუმელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სტადიონის ტრიბუნა მხოლოდ თეთრ და ლურჯ ფერებში უნდა იყოს გადაწყვეტილი! მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ეს საკითხი ეხება, რომ ქომაგების აზრი და მოთხოვნა გაითვალისწინოს!“ – წერია „შავი ზღვის მეკობრეების“ განცხადებაში.
თქვენ კი შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა სტადიაშია სტადიონის მშნებელობა.