„ბასკონიას“ ზედიზედ მესამე მარცხი - შენგელიას გუნდმა ამჯერად მილანში წააგო [ვიდეო]
13:58, 22.11.2018
„ევროლიგის“ გათამაშებაზე წარუმატებელ ასპარეზობას განაგრძობს „ბასკონია“. ესპანურმა კლუბმა გუშინ მილანში 90-93 წააგო. ეს ვიტორიელებისთვის ზედიზედ მესამე მარცხი გამოდგა და სატურნირო ცხრილში 12-ე ადგილამდე დაქვეითდნენ.
უჩვეულოდ სუსტი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა რვა ქულა და ხუთი მოხსნა მოაგროვა. სამაგიეროდ, 18 ქულით გამოირჩა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელი, მეტ ჯენინგი. მილანელებს 22 ქულით ვლადი მიცოვმა ულიდერა. მეცხრე ტურში „ბასკონია“ საკუთარ მოედანზე, ათენის „პანათინაიკოსს“ მიიღებს.
გუშინ, ბერძნულმა გუნდმა, ესპანურ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ანგარიშით 76-70 დაამარცხა. ამ შედეგის შემდეგ გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილები გაცვალეს. „პაო“ მეექვსეა, „ბარსა“ მეშვიდე.
მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელი მხოლოდ ორი გუნდია. მადრიდის „რეალთან“ ერთად, ას პროცენტიანი შედეგით, მოსკოვის „ცსკა“ ასპარეზობს. დიმიტრის იტუდისის გუნდმა კაუნასის „ჟალგირისი“ ოვერტაიმში, 99-97 დაამარცხა.
„ევროლიგის“ მეცხრე ტურის შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.