ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტური „ესტუდიანტესი“-„ბასკონიას“ შეხვედრით დასრულდა.
ბასკურმა კლუბმა მადრიდში რთულ და საჭირო გამარჯვებას მიაღწია. ამ წარმატებაში საკუთარის 17-ქულიანი წვლილი თორნიკე შენგელიამ შეიტანა.
ბასკონიელთა კაპიტანმა 23:26 წუთში, 17 ქულასთან ერთად, ექვსი მოხსნაც მიითვალა აქტივში. თორნიკემ ექვსიდან ხუთი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ექვსიდან ოთხი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ქართველი მძიმე ფორვარდი, ჯეისონ გრეინჯერთან და იოჰანეს ფოიტმანთან ერთად, პარკეტზე გამორჩეული იყო. სწორედ გრეინჯერმა ჩააგდო გადამწყვეტი ორქულიანი ტყორცნა თამაშის დასრულებამდე რვა წამით ადრე და ვიტორიულ გუნდს 89-87 გაამარჯვებინა.
ამ მოგების შემდეგ, „ბასკონიას“ 11 მოგება და შვიდი მარცხი მოუგროვდა. ბასკები ამ ეტაპზე, სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.
„ლიგა ენდეზას“ ეგიდით, პედრო მარტინესის გუნდი 4 თებერვალს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, „ბარსელონას“ საკუთარ დარბაზში მიიღებს.