„ბასკონიას“ მორიგი მარცხი ევროლიგაზე, შენგელიას გუნდმა ამჯერად „რეალთან“ წააგო (ვიდეო)
საკალათბურთო ევროლიგაზე მე-15 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა. ტურნირზე მორიგი, რიგით მეცხრე მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიულმა გუნდმა საკუთარ არენაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და უშანსოდ, ანგარიშით 55:77 დამარცხა.
ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 30:55 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, ხუთი მოხსნა და ორი გადაცემა დააგროვა. მასზე მეტი, 14 ქულა, მხოლოდ შავონ შილდსმა მიითვალა.
მადრიდელებს შორის კი ყველაზე მეტი – 15 ქულა მიკეი ჯორდანის ანგარიშზეა. 12 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს რუდი ფერნანდესმა.
„ბასკონიას“ ევროლიგაზე ჩატარებული 15 მატჩიდან ექვსი აქვს მოგებული და ამ დროისათვის 12-13 ადგილებს „ვალენსიასთან“ ინაწილებს. „რეალს“ კი 12 მოგება და სამი მარცხი აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 26 დეკემბერს სტუმრად „ალბასთან“ გამართავს.
ფენერბახჩე – ზენიტი 81:84
მაკაბი – პანათინაიკოსი 88:79
ოლიმპია მილანო – ვალენსია 78:71