„ბასკონიას“ დამაჯერებელი გამარჯვება „ლიგა ენდეზაში“ - შენგელია კვლავ საუკეთესოა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-17 ტურის შეხვედრები გაიმართა.
დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია „ბასკონიამ“. ვიტორიულმა კლუბმა, ფერნენდო ბუესას სახელობის დარბაზში ჩემპიონატის აუტსაიდერი, სევილიის „რეალ ბეტისი“ მიიღო და დიდი სხვაობით, ანგარიშით 94-70 დაამარცხა.
დღევანდელ მატჩში მასპინძელთა შორის კვლავ საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია. ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა 22 წუთში 22 ქულა, რვა მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30 შეადგინა. შენგელიამ 10-დან შვიდი ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა.
ბასკურმა გუნდმა პირველი ტაიმი 24 ქულის სხვაობით მოიგო და მეორე ნახევარში თამაშის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
„ბასკონიას“ 10 მოგება და შვიდი მარცხი აქვს. პედრო მარტენისის გუნდი სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში, „ესტუდიანტესს“ სტუმრად დაუპირისპირდება.