„ბასკონიამ“ საკუთარ მოედანზე წააგო, თორნიკე შენგელია კვლავ გამორჩეულია
საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოულოდნელი მარცხი განიცადა „ბასკონიამ“. თორნიკე შენგელიას გუნდმა აუტსაიდერ „ეფესთან“ 79-81 დათმო მატჩი.
მარცხის მიუხედავად, ესპანურ გუნდს ორი ტურით ადრე ჰქონდა განაღდებული მომდევნო ეტაპის საგზური. ვიტორიელები პლეიოფში მოქმედ ჩემპიონს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდებიან. „ბასკონიამ“ რეგულარული სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა, ხოლო თურქული კლუბი მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა.
რაც შეეხება, „ეფესთან“ დაპირისპირებას, თორნიკე შენგელია კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე. მასპინძელთა ქართველმა კაპიტანმა 29:45 წუთში 17 ქულა გააკეთა და ამ მაჩვენებლით, თანაგუნდელ ვინსენ პუარიესთან ერთად, საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა. სტუმრებს ერიკ მაკკალუმმა ულიდერა 21 ქულით.
სტამბოლურმა გუნდმა მიმდინარე გათამაშება ბოლო, მე-16 ადგილზე დაასრულა. „ბასკონია“-„ფენერბახჩეს“ გარდა, კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი, რომელშიც ურთიერთობას რუსული კლუბები, „ცსკა“ და „ხიმკი“ გაარკვევენ.
დღესვე ათენის „პანათინაიკოსმა“ სტუმრად მილანის „ოლიმპიას“ ოვერტაიმში 96-95 აჯობა. „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში „ხიმკის“ მოუგო ანგარიშით 86-82.
ბოლო ტურის დარჩენილი სამი მატჩი ხვალ გაიმართება, რის შემდეგაც, მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო ორი წყვილი დაკომპლექტდება.