„ბასკონიამ“ პრინციპული მატჩი მოიგო, შენგელია კვლავ საუკეთესოა

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ 24-ე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა და ერთ-ერთ მათგანში პრინციპულ გამარჯვებას მიაღწია „ბასკონიამ“. თორნიკე შენგელიას გუნდმა საკუთარ მოედანზე რუსეთის „ხიმკი“ დაამარცხა. ვიტორიაში ჩატარებულ შეხვედრაში კვლავ გაიბრწყინა ქართველმა კალათბურთელმა. მასპინძლეთა კაპიტანმა ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკემ 15 ქულასთან ერთად 15 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. შენგელია მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (28) ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედი 26-18 მოიგეს. ამის შემდეგ კი მასპინძლები შეუჩერებლები იყვნენ. ბესკონიელებმა განსაკუთრებით მაღალ დონეზე მეორე და მესამე მეოთხედები ჩაატარეს. დასკვნითი პერიოდის წინ ვიტორიული კლუბი 17 ქულას იგებდა და შევხედრას ინტრიგა დაკარგული ჰქონდა. საბოლოოდ 87-77 „ბასკონიას სასარგებლოდ. ამ გარმარჯვების მიუხედავად, ესპანური გუნდი პლეი-ოფის ზონაში ჯერ არ იმყოფება, რადგან უშუალო კონკურენტს, თელ ავივის „მაკაბის“, ერთი მოგებით მეტი აქვს. მომდევნო ტურში პედრო მარტინესის გუნდი სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდება. გუშინ გამართული დარჩენილი სამი მატჩი კი ასე დასრულდა:

„მაკაბი-„ცსკა“ 73-93
„ჟალგირისი“-„ბარსელონა“ 90-74
„ვალენსია“-„ბროზე“ 86-70
„ოლიმპია“-„ეფესი“ 77-64

დღეს კიდევ ოთხი შეხვედრა გაიმართება. გიორგი შერმადინის „უნიკახა“ სტუმრად ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება. 24-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი მადრიდში შედგება, სადაც „რეალი“ მოქმედ ჩედმპიონს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ მიიღებს.