„ბასკონიამ“ ცსკა დაამარცხა შენგელია და ჯენინგი გამორჩეულები იყვნენ | ევროლიგა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგის 11-ე ტური წარმატებული გამოდგა „ბასკონიასთვის“. ესპანურ გუნდს, მიმდინარე ტურნირის სტარტი წარუმატებელი აქვს და ლიდერის, ცსკას დამარცხება, კიდევ უფრო დასაფასებელია. „ფერნანდო ბუესას“ სახელობის დარბაზში ჩატარებული თამაში თანაბარი გამოვიდა და ლოგიკურია, რომ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა.

სწორედ უკანასკნელ წუთებზე აიღო ლიდერობა საკუთარ თავზე თორნიკე შენგელიამ. ბასკების ქართველმა კაპიტანმა ერთერთ ეპიზოდში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა, რასაც დაცვაშიც საიმედო თამაში დაუმატა. თოკოს საბოლოო ჯამში 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი, ვინსენ პორიესთან ერთად სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო გახლდათ. კარგი მატჩი ჩაატარა მეტ ჯენინგმა. ჩვენი ეროვნული გუნდის უკანახაზელმა 13 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა გააკეთა. საბოლოოდ მასპინძლებმა 76-73 მოიგეს. ველიმირ პერასოვიჩის გუნდი 4 მოგებით და 7 მარცხით ამ ეტაპზე 12-ე ადგილზეა. რაც შეეხება ცსკა-ს მოსკოველებისთვის ეს ამ სეზონში მეორე მარცხი გამოდგა.

ცსკას წარუმატებლობით, სტამბოლის „ფენერბახჩემ“ ისარგებლა, რომელმაც გასვლაზე ათენის პანათინაიკოსი დამაჯერებლად, 81-69 დაამარცხა და გათამაშების ცხრილს ჩაუდგა სათავეში.

მადრიდის „რეალმა“ ურთულეს ბრძოლაში სტამბოლის „ეფესი“ 84-82 დაამარცხა. მოქმედი ჩემპიონი, მეორე პოზიციაზეა. 12-ე ტურის შეხვედრები, 13 და 14 დეკემბერს შედგება.