ესპანურმა “ბასკონიამ” საკალათბურთო ევროლიგაზე გუშინ, როგორც გაირკვა, მიმდინარე სეზონის უკანასკნელი მატჩი გამართა. ვიტორიულმა კლუბმა სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩეს” საკუთარ არენაზე მეორედ უმასპინძლა და 9 ქულის სხვაობით დამარცხა.
შეხვედრა ობრადოვიჩის გუნდის გამარჯვებით, 83-92 დასრულდა, საბოლოოდ კი სერია თურქულმა კლუბმა 3-1 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა და “ბასკონიას” კაპიტანმა მოედანზე არასრული 26 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 11 ქულა დააგროვა.
პედრო მარტინესის გუნდში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით პორიე გამოდგა. თურქულ გუნდში კი საუკეთესო 22 ქულით გუდურიჩი გამოდგა. ნიკოლო მელის ანგარიშზე 21 ქულაა. მოპოვებული გამარჯვების შედეგად “ფენერმა” ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კაუნასის “ჟალგირისი” იქნება.