ბასილაშვილს ნახევარფინალამდე ცოტა დააკლდა
ბასილაშვილს ნახევარფინალამდე ცოტა დააკლდა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვერ შეძლო ბუდაპეშტის ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 55-ე ჩოგანთან, იტალიელ ანდრეას სეპისთან თითქმის თანაბრად იბრძოლა, მაგრამ ორ სეტში დამარცხდა.

ისევე, როგორც წინა წრეში დენის შაპოვალოვის წინააღმდეგ, ბასილაშვილი სეპისთან მატჩშიც წარმატებით თამაშობდა მიღებაზე – პირველ სეტში მან ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება, მაგრამ საკუთარი გეიმების შენარჩუნება გაუჭირდა. შედეგად სეპიმ სამჯერ აიღო ბასილაშვილის მოწოდება და საწყისი პარტია მოიგო.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილის ანგარიშზე იყო და ქართველმა ისევ ვერ შეძლო უპირატესობის შენარჩუნება. საბოლოოდ, ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა, თუმცა, მანამდე, მე-11 გეიმში ბასილაშვილს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა, მე-12 გეიმში კი სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

ტაი-ბრეიკი ბასილაშვილისთვის თავიდანვე ცუდად დაიწყო – საწყისი სამი ქულა წააგო, საკუთარ მოწოდებაზე ჯამში მხოლოდ ერთი გათამაშება მოიგო და საბოლოოდ, საათსა და 48 წუთში 4:6, 6:7(3) დამარცხდა.