ბასილაშვილმა სტამბოლში პირველივე წრე წააგო
ბასილაშვილმა სტამბოლში პირველივე წრე წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეში გამოეთიშა სტამბოლში ATP-ის ტურნირს. მისი მეტოქე გამოცდილი ფრანგი ჟერემი შარდი იყო, რომელიც ამჟამად 87-ე ადგილზეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში.

ეს ჩოგბურთელები მეორედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. შარშან, ნოემბერში, ირვინგის “ჩელენჯერში” შარდიმ 6:2, 6:1 გაანადგურა ქართველი.

ამჯერად ბასილაშვილმა ძალიან ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მარცხის მთავარი მიზეზიც ეს არის. ნიკას პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 58 პროცენტი ჰქონდა, პირველი მოწოდებით აღებული ქულების პროცენტი – 61, მეორეთი – 38, ერთი ეისი ჩააწოდა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ერთადერთი, რითაც ბასილაშვილმა შარდის აჯობა, ბრეიკ-პოინტების რაოდენობა იყო, მაგრამ რეალიზაცია არ უვარგოდა – 9-დან 3 (ფრანგს 7-დან 5 ჰქონდა).

შარდი მუდმივად წინ იყო – პირველ სეტში ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და ბასილაშვილმა ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ მესამე ბრეიკს ვეღარ უპასუხა, რადგან ეს მე-12 გეიმი იყო და ამით სეტი ფრანგის სასარგებლოდ დასრულდა.

მეორე სეტში შარდი ისევ ბრეიკით დაწინაურდა, ბასილაშვილმა ისევ გაათანაბრა. მატჩის ბედი მერვე გეიმში გადაწყდა, როცა ფრანგმა მეხუთედ აიღო მეტოქის მოწოდება და შემდეგ, მატჩზე ჩააწოდა. საათსა და 31 წუთში 7:5, 6:3 შარდის სასარგებლოდ.