ბასილაშვილის ინტერვიუ ATP-სთან - ბედნიერი ვარ, რომ ტიტულის მოპოვება შევძელი #1TVSPORT
ბასილაშვილის ინტერვიუ ATP-სთან - ბედნიერი ვარ, რომ ტიტულის მოპოვება შევძელი #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას 250-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა, სადაც არაერთ ცნობილ მოთამაშესთან მოუწია დაპირისპირება, მათ შორის ლეგენდარულ როჯერ ფედერერთან.

29 წლის ჩოგბურთელს ATP-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სტატია მიუძღვნა, სადაც ნიკოლოზი ტურნირის შესახებ საუბრობს. ბასილაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული 250-ქულიანი ტურნირი.

„რაღაცნაირად ვახერხებ, რთულ კონდიციებსა და მატჩებში კარგად თამაშს. ეს იყო, ერთ-ერთი ყველაზე რთული 250-ქულიანი ტურნირი, სადაც სამი ჩოგბურთელი მონაწილეობდა საუკეთესო ათეულიდან. საინტერესოა, როგორ ვახერხებ დიდ ტურნირებსა და შეხვედრებში კარგად თამაშს, მაგრამ ამავდროულად ბედნიერი ვარ“, – ამბობს ბასილაშვილი.

ბასილაშვილს ფინალში მისთვის ნაცნობ მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება. ბაუტისტა-აგუტთან მას აქამდე 4-ჯერ ჰქონდა ნათამაშები და მხოლოდ ერთხელ მოგებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ერთი გამარჯვება ესპანელის წინააღმდეგ მას დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ჰქონდა მოპოვებული, სადაც ბასილაშვილი 16 მარტს მეორე წრიდან ჩაერთვება. მიუხედავად ამისა, ქართველმა ძალიან მარტივად, ორ სეტში მოახერხა ფინალში გამარჯვების მოპოვება.

„ამას ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობდი. კორტზე თავს კარგად ვგრძნობდი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დიდი სტრესით ვთამაშობდი და ვერ ვახერხებდი ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტის გამოყენებას. მაგრამ, როგორღაც მოვახერხე მეპოვა გზა, გავმკლავებოდი სტრესულ მომენტებს. ბედნიერი ვარ, რომ ტიტულის მოპოვება შევძელი“, – აღნიშნა ქართველმა ჩოგბურთელმა.

ფინალის დღეს ძლიერი ქარი იყო, შესაბამისად ორივე ჩოგბურთელს მოუწია ამინდთან გამკლავება. ბასილაშვილმა ამის შესახებაც ისაუბრა.

„კონცენტრირებული ვიყავი მხოლოდ თამაშზე, ვუყურებდი ბურთს და ბევრს ვმოძრაობდი. ფიზიკურად რთული იყო, რადგან ორჯერ უფრო მეტი მოძრაობა მიწევდა, რაც მოვახერხე“.

ქართველი ჩოგბურთელი დუბაის ტურნირს ხვალ, 16 მარტს ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უკვე კარგად ნაცნობი ტეილორ ფრიცი იქნება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი ბასილაშვილი ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება.