17 ნოემბერი ლეგენდარული კოტე მახარაძის დაბადების დღეა #1TVSPORT
ლეგენდარული ქართველი კომენტატორი, საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, კოტე მახარაძე 1926 წლის 17 ნოემბერს თბილისში დაიბადა.
თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, სპორტი მისი ცხოვრების მთავარი გატაცება გახლდათ. იყო საქართველოს ახალგაზრდული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, 1945 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის თასი, თამაშობდა საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოში“.
სპორტული კომენტატორობა 1957 წლიდან დაიწყო და 40 წელი მიჰყავდა რეპორტაჟები, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო კლუბის ისტორიულ გამარჯვებებს უკავშირდება – 1964 წელს (ეროსი მანჯგალაძესთან ერთად), როდესაც „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა – და 1981 წელს, როდესაც „დინამო“ ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.
კოტე მახარაძე 2002 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.