ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბუდაპეშტში ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მსოფლიოს 79-ე ჩოგანმა საათსა და 10 წუთში მოუგო კლასიფიკაციის 43-ე ნომერს, კანადელ დენის შაპოვალოვს – 6:2, 6:4.
ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდებებზე შთამბეჭდავად ითამაშა. შაპოვალოვმა თავისი პირველი გეიმი მოიგო, მაგრამ შემდეგ ქართველმა ზედიზედ ოთხჯერ აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება, თავად კი ერთხელ დათმო საკუთარი გეიმი და 6:2, 2:0 დაწინაურდა.
ამის შემდეგ მხოლოდ საკუთარი გეიმების შენარჩუნება იყო საჭირო და ბასილაშვილი მეოთხედფინალის საგზურს მოიპოვებდა, მაგრამ ქართველი ამით არ დაკმაყოფილდა და კიდევ ერთხელ შეასრულა ბრეიკი. მართალია, შაპოვალოვმა გაიბრძოლა და 2:5-ზე ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ ბოლო გეიმში, საკუთარ ჩაწოდებაზე, ქართველმა მაინც მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
საბოლოო ჯამში, ბასილაშვილმა 9 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი ბრეიკი შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტის პირველ წრეში ბასილაშვილმა ასევე ორ სეტში მოუგო იტალიელ პაოლო ლორენცის – 6:4, 6:2. ქართველი მეოთხედფინალშიც იტალიელს შეხვდება – მსოფლიოს 55-ე ნომერს ანდრეას სეპის.
ბასილაშვილი და სეპი ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში – შარშან, ლიონის ტურნირის გრუნტზე ნიკამ 6:4, 6:4 მოიგო.