„ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელი - ჩვენი მიზანი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა #1TVSPORT
„ბაშაქშეჰირის“ მთვარმა მწვრთნელმა, ჩაგდაშ ატანმა კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერიასთან“ საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ რაუნდის გადალახვა და ტურნირის პლეი ოფში გასვლა სურთ.
„პირველი მატჩი თბილისში „იბერიასთან“ 1:0 მოვიგეთ და უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ილუზიებში არ უნდა ჩავვარდეთ. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვინდა, ამ შანსზე დიდი ხანია ვოცნებობთ.
15 აგვისტოს ქვეყნისა და კლუბისთვის მნიშვნელოვან მატჩს ჩავატარებთ. მეტოქეს ახლა უკეთ ვიცნობთ და ვეცდებით, თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ. „რიზესთან“ ჩემპიონატის მატჩში როტაციას მივმართეთ, რადგან მხოლოდ 14-15 ფეხბურთელი გვყავს და ახალი მოთამაშეების დამატებით ეს რიცხვი უნდა გავზარდოთ.
მეტოქემ პირველ მატჩში ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის საქმე გაერთულებინა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ, დიდი ძალებით არ გვიტევდნენ, ჩვენს შემტევებს კი სივრცეებს უზღუდავდნენ. თუმცა, მთლიანობაში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და გოლიც გავიტანეთ.
თბილისში მატჩის 0:0 დასრულების შემთხვევაში „იბერიას“ შეეძლო საპასუხო შეხვედრაში დაცვაში „ჩამჯდარიყო“ და სწრაფი კონტრშეტევებით პრობლემები შეექმნა. მჯერა, რომ თუ ბურთის კონტროლს შევძლებთ და სწრაფ გოლს გავიტანთ, სასურველ შედეგსაც მივაღწევთ.
ევროტურნირებზე გასული თურქეთის გუნდები ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს ატარებენ და თუ პლეი ოფში გავალთ, შესაძლოა, ფედერაციას ვთხოვოთ, სუპერლიგის თამაშები გადაგვიდოს. მაგალითად, „იბერიას“ ჩემპიონატის მატჩი გადაუდეს, ბელგიურმა გუნდებმა თამაშები მანამდე გააუქმეს. ეს იმიტომაა საჭირო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უეფა-ს რეიტინგში თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.
დიდი მიზნები გვაქვს. ახლა ჩვენი ერთადერთი საზრუნავი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპაზე მოხვედრაა. ჩემპიონატში ოთხ საუკეთესო გუნდში მოსახვედრად და თურქეთის თასის მოსაგებად ვიბრძლებთ“, – განაცხადა „ბაშაქშეჰირის“ მწვრთნელმა.