„ბარსელონაში“ ლეო მესის დაბრუნების იმედს არ კარგავენ - მზადება მოლაპარაკების ახალი ეტაპისთვის დაწყებულია #1TVSPORT
„ბარსელონაში“ ლეო მესის დაბრუნების იმედს არ კარგავენ - მზადება მოლაპარაკების ახალი ეტაპისთვის დაწყებულია #1TVSPORT

მიმდინარე წლის ზაფხულში არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ლეო მესის „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი ხელშეკრულება უსრულდება. ამ ფონზე კიდევ უფრო გააქტიურდა საუბარი სამხრეთ ამერიკელის „ბარსელონაში“ პოტენციური დაბრუნების შესახებ.

ლეო მესისთან დაკავშირებით 31 მარტს „კამპ ნოუზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ ისაუბრა.

„მოლაპარაკებების ერთი ეტაპი შეთანხმების გარეშე დასრულდა, თუმცა გვაქვს რწმენა, რომ ლეო მესი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს, ამისთვის მოვემზადებით. როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური კუთხით ის ჩვენს კლუბს ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს.

როდესაც ვინმეზე შეყვარებული ხარ და დაშორების დრო დგება, არა სიყვარულის დასრულება, არამედ უკან დაბრუნება გინდა. ვფიქრობ, ცხადია, რომ ორივე მხარე ერთმანეთზე შეყვარებულია. ჩვენ მესი გვიყვარს, მას – „ბარსელონა“.

წინ ორი თვეა, გარკვეული დეტალები ლა ლიგასთან იქნება შესათანხმებელი, ხოლო შემდეგ, თუ მესის მხარე და ჩვენ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ, მას ჩვენს გუნდში ვიხილავთ. ამჟამად ლეოსთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია“, – განაცხადა იუსტემ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებულმა „ბარსელონა“ 2021 წლის ზაფხულში დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდა.