„იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი ანდრეა პირლო „ბარსელონას“ მომავალ მწვრთნელად მოიაზრება, – იუწყება ჟურნალისტი ჟერარ რომერო.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის იტალიელი სპეციალისტის კანდიდატურით „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა პირადად არის დაინტერესებული. განიხილება კიდევ ერთი კანდიდატი, ასევე იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე, რომელიც „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ ედგა სათავეში.
„ბარსელონა“ რონალდ კუმანმა 2020 წელს ჩაიბარა. მისი მწვრთნელობის დროს კატალონიელებმა ესპანეთის თასი მოიგეს, ესპანეთის ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულეს, ჩემპიონთა ლიგიდან კი 1/8 ფინალში გამოვარდნენ.
ესპანეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში „ბარსელონას“ რვა ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. კუმანის შეცვლის საკითხი განსკუთრებული სიმწვავით მას შემდეგ განიხილება, რაც ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიელებმა „ბაიერნთან“ 0:3 ისე წააგეს, რომ კარში ერთხელაც არ დაურტყამთ.